ბლოგი

Trudon: სანთლის შუქზე დაწერილი ისტორია

გიფიქრიათ, რომ თქვენი სახლი იმავე ბრენდის სანთლებით შეიძლება განათდეს, რომლებიც ოდესღაც ვერსალის სასახლესა და ნაპოლეონის რეზიდენციას ამშვენებდა?

საუკუნეების განმავლობაში სასახლეები, ტაძრები და თეატრები სანთლების შუქით ნათდებოდა. მაგრამ ყველა სანთელი ერთნაირი არ ყოფილა. საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებსა და სამეფო კარის სივრცეებში ერთი გვარი, Trudon, გამორჩეულად ფიგურირებდა.

ისტორიის დასაწყისი

ყველაფერი 1643 წელს დაიწყო, როდესაც კლოდ ტრუდონმა პარიზში ხელნაკეთი სანთლების მაღაზია გახსნა.

სანთლების წარმოება მარტივი საქმე არ იყო – ცვილის ხარისხს, წვის ხანგრძლივობას და არომატებს დიდ მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა Trudon-მა წარმატებას მალევე მიაღწია და გზა სამეფო კარისკენაც გაიკვალა. 

Trudon ვერსალის სასახლეში

,,მეფე მზის”, ლუი XIV-ის დროს ვერსალის სასახლე მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე გრანდიოზულ სამეფო რეზიდენციად გადაიქცა. სასახლის კორიდორებს, სარკეებით მორთულ დარბაზებსა და მეფის პირად აპარტამენტებსაც Trudon ანათებდა. თურმე, მარი ანტუანეტაც  განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევდა Trudon-ის სანთლებს თავისი ბუდუარისთვის, მისი რჩეული არომატები კი ოდნავ ტკბილი და ყვავილოვანი ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ Trudon-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანთელი – Solis Rex – თავისი სამეფო არომატებით, სწორედ ვერსალის დარბაზების ატმოსფეროს აცოცხლებს.

ისტორია მაშინაც იწერება, როცა სინათლე ქრება

როდესაც საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო, Trudon-მა სამეფო კარის დაცემის შემდეგაც შეძლო გადარჩენა. კომპანია ახალ ეპოქას მოერგო და ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერატორობისას, კვლავ დაწინაურდა.

ამბობენ, რომ ნაპოლეონმა Trudon-ის სანთლები, რომლებზეც ოქროსფერი ფიგურა იყო ამოტვიფრული, თავისი შვილის, ნაპოლეონ II–ის დაბადების აღსანიშნავად, სპეციალურად შეუკვეთა.

ის ცნობილი, მწვანე მინის ჭიქებიც, რომლებშიც Trudon-ის სანთლები არის მოთავსებული, ნაპოლეონის საიმპერატორო გვარდიის მუზარადებით არის შთაგონებული.

როგორ გრძელდება ამბავი?

ბრენდმა მოახერხა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული, მაღალი სტანდარტების შენარჩუნება და თანამედროვეობის მოთხოვნებთან ადაპტირებაც. დღეს Trudon არა მხოლოდ სანთლებს, არამედ დიფუზორებს და პარფიუმერულ ხაზსაც აწარმოებს – მისი სუნამოები კომპლექსური ნოტებითა და ექსკლუზიური ინგრედიენტებით გამოირჩევა.

Trudon-მა ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების განათება შეძლო. მისი ზოგიერთი სანთელი წარსულის სიდიადეს გამოხატავს, ზოგი კი – თანამედროვე კულტურას.

და თქვენ? რომელი ეპოქის სანთელს აანთებდით?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *