არომატების სამყარო არაერთ საინტერესო და შთამაგონებელ ისტორიას ითვლის.
ჩვენი საყვარელი თითოეული სუნამოს ბრენდის შექმნის უკან იმალება ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და გვარწმუნებს მის უნიკალურობაში.
დღეს პარფიუმერიის სახლ Clive Christian-ის შესახებ მოგიყვებით. ბრენდზე, რომელიც არაერთი ადამიანის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
Clive Christian-ის მომხიბვლელ სამყაროში ჩვენი მოგზაურობა 1999 წლიდან უნდა დავიწყოთ. სწორედ ამ წელს, ერთ ბრიტანულ ქალაქში, სუნამოების ოსტატმა კლაივ კრისტიანმა მიზნად დაისახა, რომ პარფიუმერიის ოქროს ხანა თანამედროვეობაში კვლავ დაებრუნებინა. კლაივმა განსხვავებული სუნამოების შექმნა გადაწყვიტა, რისთვისაც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს იყენებდა და ამით არომატების სიღრმისა და ტექნოლოგიის სირთულის ახალი სიმაღლეების დაპყრობა სურდა.
სწორედ ასე გაჩნდა საუკეთესო სუნამოები, რომლებიც დროს სცდებოდა და მუდამ აქტუალური იყო.
შთაგონებიდან ხელოვნების ნიმუშამდე
Clive Christian თავისი სუნამოების შესაქმნელად შთაგონებას ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებიდან იღებს.
ბრენდის კონცეფცია მჭიდროს უკავშირდება ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ფიგურას – დედოფალ ვიქტორიას.
ცნობილია, რომ დედოფალ ვიქტორიას უნაკლო გემოვნება ჰქონდა და ფუფუნების საგნები, მათ შორის კი სუნამოები, ძალიან უყვარდა.
Crown Perfumery სწორედ დედოფალ ვიქტორიასთვის შეიქმნა, მან ბრენდის შექმნელს. თავად მისცა ფლაკონზე გვირგვინის გამოყენების უფლება.
სწორედ ამ ისტორიული პასაჟებით შთაგონებული შეუდგა კლაივ კრისტიანი თავისი მისიის შესრულებას – ხელახლა შეექმნა და პატივი მიეგო სუნამოს იმ არსისთვის, რომელმაც დედოფალი ვიქტორია მოაჯადოვა. მისმა საგულდაგულო კვლევამ კი Crown Perfume-ის თავიდან დაბადება განაპირობა.
პირველი, რაც ამით შთაგონებულმა კლაივ კრისტიანმა შექმნა ლეგენდარული სუნამო – No.1 იყო.
No.1 არაა უბრალოდ სუნამო. ესაა ისტორიის, ფუფუნებისა და სამეფო კავშირის ცოცხალი მაგალითი. ის ინარჩუნებს არომატს, რომელიც ოდესღაც აჯადოებდა სამეფო ოჯახის წევრებს და ჰარმონიულად აერთიანებს მას თანამედროვე ოსტატობასთან.
ყნოსვითი გამოცდილება
No.1 შესაქმნელად განსაკუთრებული ინგრედიენტების დახვეწილი ნაზავია საჭირო, რაც დედოფალ ვიქტორიას ეპოქის სამეფო სულს ასახავს. ის აღვიძებს მის მდიდრულ ეზოს, ელეგანტურ გარდერობსა და მისი მეფობის სიდიადეს.
ფორმულები და ინგრედიენტები The Crown Perfume-ს არქივიდან მიიღეს. Clive Christian-ის სახლმა ამ პიონერული ვიქტორიანული კომპანიის პარფიუმერიის პრინციპებს, პარფიუმერიის სამყაროსთვის აქამდე უცნობი ტექნიკებიც დაამატა და დროსთან შესაფერისი ორიგინალური კოლექცია შექმნა.
სუნამოს შექმნით, Clive Christian-მა არა მხოლოდ პატივი მიაგო დედოფალ ვიქტორიას, არამედ 1999 წელს დედოფალ ელიზაბეტ II-ისგან სამეფო ორდენი მიიღო. ამ მხარდაჭერამ კიდევ უფრო გააძლიერა ბრენდის ვალდებულება ტრადიციები და შეუდარებელი ხარისხი შეენარჩუნებინა.
კლაივ კრისტიანმა კიდევ ერთი იშვიათი პრივილეგია მიიღო – უფლება, რომ სუნამოს დიზაინში გამოეყენებინა დედოფალ ვიქტორიას გვირგვინი, როგორც განსაკუთრებული ხარისხისა და ოსტატობის სიმბოლო. პარფიუმერიის ყველა ბოთლი სამეფო მემკვიდრეობის ნაწილს ატარებს და ერთნაირად სასურველს ხდის მას, როგორც არომატების ენთუზიასტებისთვის, ასევე ისტორიის მოყვარულებისთვის.
თითოეული შეფუთვა ხელოვნების ნიმუშია და პარფიუმერიის ხელოვნებისადმი კლაივის ერთგულებას ადასტურებს.
მარადიული მემკვიდრეობა
Clive Christian-მა მოახერხა, არ დამორჩილებოდა დროსა და ტენდენციებს და შეექმნა ხარისხიანი სუნამო, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნებოდა. ისევე, როგორც კლასიკური რომანები, რომლებიც არასოდეს კარგავენ მიმზიდველობას, კლაივის შემოქმედებაც მუდმივად ხიბლავს სხვადასხვა თაობის ადამიანებს.
Clive Christian-ის პარფიუმერიაზე საუბრისას ერთი რამ ცხადზე ცხადი ხდება – ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სუნამოს ხარისხზე, არამედ მხატვრულობის, ფუფუნებისა და ისტორიების თხრობის ერთგულებაზე.
პარფიუმერიის სამყაროში კლაივ კრისტიანმა შექმნა ყნოსვითი შედევრები, რომლებიც განკუთვნილია მისთვის, ვინც მხოლოდ გამორჩეულს ეძებს. ბრენდის თითოეული სუნამო 150-დან 300-მდე ინგრედიენტისაგან შედგება.
ამ არომატების მიმზიდველობა არა მხოლოდ ნოტებში, არამედ მათ მიერ შედგენილ ნარატივებში, ემოციებსა და უნიკალურ ისტორიებშია – სწორედ ასე იქმნება სუნამო, კლაივ კრისტიანის ხელოვნების ნიმუში.