ბლოგი

მოგზაურობა უნიკალური არომატების შექმნის ისტორიაში

რა არის სუნამო? ის, რაც განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს ჩვენში? თუ ის, რაც მოგონებებს გვიცოცხლებს? მრავალი საუკუნეა,  ეს თვისებები უნიკალური არომატების განმსაზღვრელია. სუნამოს შექმნის ისტორია ათასწლეულებს ითვლის და განსხვავებულ ცივილიზაციებს აერთიანებს.

ათასობით წლით ადრე ეგვიპტის, მესოპოტამიისა და ინდის ველის უძველესი კულტურებიდან დაიწყო სუნამოს დამზადების ამბავი. ცნობების მიხედვით, სწორედ აქ გაჩნდა პირველად ეს პროდუქტი. პარფიუმერიის წარმოების განვითარებასა და დახვეწაში განსაკუთრებული როლი ეგვიპტელებმა შეასრულეს, რომელთაც სურნელი ღმერთების ენად წარმოედგინათ. ამიტომაც სუნამოებს, ძირითადად, რელიგიურ რიტუალებში, ღმერთებისთვის შესაწირად და პირადი ჰიგიენისთვის გამოიყენებდნენ.

არომატის წარმოშობა და განვითარება

საინტერესოა სიტყვა „პარფიუმერიის“ ეტიმოლოგიური საწყისიც. მისი ფესვები ლათინურ ფრაზაში – Per Fumum უნდა ვეძებოთ, რაც ითარგმნება, როგორც „კვამლის მეშვეობით“. ეს განმარტება არომატული ნივთიერებების წვის ძველ პრაქტიკას უკავშირდება. ამ პროცესისას ნივთიერებები სურნელოვანი არსისგან თავისუფლდებოდნენ. თავდაპირველად, ამ სურნელოვან მასალებს მცენარეებისგან, ყვავილებისა და ბალახებისგან იღებდნენ. ეთერზეთები და ექსტრაქტები კი ისეთი სხვადასხვა მეთოდით მოიპოვებოდა, როგორიცაა დისტილაცია, ენფლურაჟი და მაცერაცია.

სუნამოს მოგზაურობა ძველ ცივილიზაციების გარშემო

სუნამოს პოპულარობა ეგვიპტის საზღვრებს მალევე გასცდა და საბერძნეთსა და რომსაც მიაღწია. ბერძნებმა, ეგვიპტელებისა და სპარსელების გავლენით, სუნამოს დამზადება დაიწყეს და მათ სამკურნალო თვისებები და სამედიცინო სიმბოლიკა შემატეს. შესაბამისად, განსხვავებულ არომატებს შევხვდებოთი მათ აბანოებში, ტაძრებსა და სპორტულ შეჯიბრებებში. 

რომაელებმა კი, თავის მხრივ, მემკვიდრეობით მიიღეს სუნამოებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ეს დამოკიდებულება გააღრმავეს კიდეც – არომატი მათ თავიანთი კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციეს. მდიდარი რომაელები უზარმაზარი იმპერიის სხვადასხვა წერტილიდან შემოტანილი ძვირადღირებულები სუნამოებით ტკბებოდნენ

.

ისლამური ოქროს ხანის გავლენა არომატებზე

ისტორიის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ისლამურ ოქროს ხანას უწოდებენ და მე-8 საუკუნიდან მე-14-მდე გრძელდებოდა. პარფიუმერიის წარმოება ხელოვნებაა, რაც დროის ამ მონაკვეთში მნიშვნელოვნად დაიხვეწა. მუსლიმმა მეცნიერებმა დისტილაციის ტექნიკა განავითარეს, რაც კონცენტრირებული ყვავილოვანი წყლების შექმნის წინაპირობა გახდა. დღეს ეს წყლები „ატარების“ სახელითაა ცნობილი. ისინი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც პარფიუმერიაში, ასევე მედიცინაში, სამკურნალო მიზნებით. მუსლიმი პარფიუმერების გამოცდილებამ და ცოდნამ მოგვიანებით ევროპაში სუნამოს დამზადებაზეც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა.

რენესანსი – ხელოვნებისა და სუნამოს წარმოების აღორძინების პერიოდი

რენესანსი არამხოლოდ ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებისთვის აღმოჩნდა აღორძინების პერიოდი. ამ დროს განსაკუთრებით დაიხვეწა პარფიუმერია და სუნამოების წარმოების პროცესიც. ახალი ინგრედიენტების მოსინჯვა, განსხვავებული ტექნიკების აღმოჩენა და ექსპერიმენტების ჩატარება დისტილაციის მეთოდების გასაუმჯობელად იყო ის ყველაფერი, რაც რენესანსმა არომატების სამყაროს შესძინა. 

მე-18 და მე-19 საუკუნეებში საფრანგეთში პარფიუმერული სახლები გაჩნდა. მათგან ყველაზე მეტი ქალაქ გრასში მდებარეობდა. იმ ხელსაყრელმა კლიმატმა და ყვავილებისა და მცენარეების მრავალფეროვნებამ, რომელიც გრასში არსებობდა, ქალაქი სუნამოების ინდუსტრიის ეპიცენტრად აქცია. ამ ეპოქაში დაიხვეწა და ჩამოყალიბდა დისტილაციის ტექნიკა და პარფიუმერებისთვის პრიორიტეტული ახალი არომატული ნაერთების აღმოჩენა გახდა. გრასში წარმოებული სუნამო თავის თავში ძვირადღირებულ არომატს გულისხმობდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ყველაზე გამყოლი სუნამო, რომლის არომატმაც არაერთი ადამიანის ცხოვრებაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. სწორედ საფრანგეთში დაწყებული პროცესები შეგვიძლია, მივიჩნიოთ თანამედროვე პარფიუმერული ინდუსტრიის პირველ ნაბიჯებად – კომპლექსური სურნელოვანი კომპოზიციების შექმნა და მათთვის სპეციალური სახლების აღმოცენება.

სუნამოს თანამედროვეობა

მე-20 საუკუნე პარფიუმერულ ინდუსტრიაში გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა. ამ დროს სუნამოს წარმოებამ კომერციული სახე მიიღო, გაიზარდა მარკეტინგის მნიშნველობაც. არომატების სახლებმა პროდუქციის გაყიდვა გლობალურად დაიწყეს, შესაბამისად, გამრავალფეროვნდნენ სუნამოს მომხმარებლებიც. სწორედ ამიტომ მწარმოებლებმა გაზარდეს არჩევანი, რათა ყველა ტიპის გემოვნება დაეკმაყოფილებინათ. სწორედ ამ ეპოქაში გახდა სუნამო აუცილებელი აქსესუარი, რომელიც ადამიანის ინდვიდუალურ სტილს უსვამდა ხაზს და თვითგამოხატვაში ეხმარებოდა.

მეოცე საუკუნეში განვითარდა მეცნიერებაც. მიღწევებმა ქიმიასა და ტექნოლოგიებში გემოებისა და არომატების შექმნის პროცესში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. მწარმოებლები სუნამოები სინთეზური ნაერთების აღმოჩენის პროცესში ბუნებრივ არომატებს ეყრდონობდნენ. ეს იყო გზა, უკეთესი კონსისტენციისა და უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტი ეწარმოებინათ. ინოვაციები და სიახლეები პარფიუმერულ ინდუსტრიაში დღესაც არ დასრულებულა. ეს პროცესი გრძელდება და, რა თქმა უნდა, ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა, რაც ყოველთვის იქნება მიმზიდველი და სასიამოვნო არომატების შექმნის ნიადაგი. 

უძველესი რიტუალების შემადგენელი მცირე დეტალიდან სუნამო თანამედროვე ადამიანის პიროვნული გამოხატვის ძვირფას ატრიბუტად იქცა. ადამიანისთვის არომატების მნიშვნელობა, კაცობრიობის ისტორიასთან განმავლობაში, თანდათანობით გაიზარდა და დღეს უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სურნელები, რომელიც ჩვენს გარშემოა, დროისა და კულტურის მიღმაა, ისინი ჩვენში იმ უნიკალურ ემოციებს აღძრავს, იმ ძვირფას და წარუშლელ მოგონებებს ქმნის, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის.